ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ სერგო ჩაჩიბაიას 4–წლიანი საპატიმრო მსჯავრი მოუხსნა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის განაჩენით, ჩაჩიბაია ცივი იარაღის ტარებასა და პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. შემთხვევა ქ. ზუგდიდში მიმდინარე წლის მარტში მოხდა. ბრალდების მხარის მასალებით, სამართალდამცავებმა ჩაჩიბაია ქუჩაში ჩხუბის დროს დააკავეს. მან სამმართველოში გადაყვანისას პოლიციის მუშაკს ქურთუკი შემოახია და სახეში ხელი გაარტყა. მასვე სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ჯიბიდან დანა ამოუღეს.
სერგო ჩაჩიბაიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სერგო ჩაჩიბაიას დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა პირის ბრალეულობას შერაცხულ დანაშაულში. ამიტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სერგო ჩაჩიბაია გაამართლა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.