ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა ქალაქის ცენტრალური ბულვარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში მდებარეობს. ინფორმაცია შენობის ისტორიის შესახებ მოცემულია ცნობილი მოგზაურის დიუბუა დე მონპერეს მიერ 1833 წელს შედგენილ ქუთაისის გეგმაზე. დღევანდელი ნიუპორტის ქუჩის დასასრულს, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე შენობაში მე-19 საუკუნის 30-იან წლებში იმერეთის მმართველობა ყოფილა განთავსებული. იმ პერიოდიდან მოყოლებული შენობამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ფუნქციური დატვირთვა. ამ ადგილას საგუბერნიო სასამართლოს სახელმწიფო სასახლის აშენებაზე დისკუსია კი 90-იანი წლებიდან დაიწყო. საბოლოოდ, ქალაქის საბჭოსა და გამგეობის დადგენილების თანახმად, ეს ტერიტორია სასამართლო უწყებას 20 ათას მანეთად გადაეცა. ღირებულების ერთი ნაწილი სასამართლო უწყებამ, მეორე კი ამ საკითხით დაინტერესებულმა ქუთაისის მოქალაქეებმა გადაიხადეს.
1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ სასამართლო ხელისუფლებამ შენობა დაკარგა. მასში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო პედაგოგიური ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელი და ქარხანა, ზუსტ ხელსაწყოთა საკონსტრუქტორო ბიურო და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საფონდო განყოფილება, რამაც სასამართლოს შენობას პირვანდელი იერსახე დაუკარგა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რამდენიმე წელში, 1995 წელს სასამართლო ხელისუფლებამ შენობა კვლავ დაიბრუნა. 1999 წლიდან აღნიშნულ შენობაში ქუთაისის საოლქო სასამართლო განთავსდა, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მნიშვნელოვანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. 2005 წელს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში, საოლქო სასამართლოს ლიკვიდაციის შემდეგ შენობაში სააპელაციო სასამართლო განთავსდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შენობა იმთავითვე სასამართლოსთვის იყო გათვალისწინებული. 1898-1900 წლებში არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით ქვის სამსართულიანი კაპიტალური შენობა აიგო. იგი ქალაქის მატერიალური კულტურის მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. შენობა თეთრი ეკლარის ქვით არის მოპირკეთებული და ადმინისტრაციული ნაგებობისათვის დამახასიათებელი მონუმენტურობით და აკადემიურობით გამოირჩევა.
ამჟამად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პირველ სართულზე მდებარეობს მოქალაქეთა მისაღები. აქვე განთავსებულია საინფორმაციო კუთხე, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ მიმდინარე პროცესების შესახებ გამოქვეყნებულ ცნობებს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სააპელაციო საჩივრის ფორმის ნიმუშებს და მიიღონ საინფორმაციო ბუკლეტები. მეორე და მესამე სართულებზე მოთავსებულია სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელთა სამუშაო კაბინეტები და სასამართლო სხდომის დარბაზები.
მესამე სართულზე დგას სკულპტორ გია ჯაფარიძის მიერ შექმნილი ქანდაკება “წონასწორობა”, რაც სიმბოლურად მიუთითებს სასამართლოში საქმეთა განხილვის დროს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით დავის გადაწყვეტაზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია და სტრუქტურა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება საჩივრები დასავლეთ საქართველოს სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნა: აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის რაიონული, ბათუმის, ფოთის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.
სააპელაციო სასამართლოში მოქმედებს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა და საგამოძიებო კოლეგია. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სამართლებრივი იძულების ღონისძიებების გამოყენებაზე და მათი ვადის გაგრძელებაზე. საგამოძიებო კოლეგიაში შეიძლება გასაჩივრდეს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს ბრძანება (დადგენილება), რომლითაც მოსამართლემ იმსჯელა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე, ასევე წინასწარი გამოძიების სტადიაზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების,პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე და სხვა. საგამოძიებო კოლეგიაში წელიწადში საშუალოდ იხილება – 350 საქმე. პალატა წარმოადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, რომელიც სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო საჩივრებს, კერძო საჩივრებს და საჩივრებს დასავლეთ საქართველოში მდებარე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე (განაჩენებზე, განჩინებებზე). პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება საკასაციო ან კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პალატებში წელიწადში საშუალოდ იხილება 1190 სისხლის სამართლის საქმე, 1050 სამოქალაქო საქმე, 1250 ადმინისტრაციული საქმე და 270 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
სააპელაციო სასამართლოში მოქმედებს მანდატურის სამსახური, რომლის ამოცანაა სასამართლოში წესრიგისა და სასამართლო შენობის დაცვა, საკურიერო სამსახური კი უზრუნველყოფს ქუთაისის მასშტაბით სასამართლო გზავნილების დროულ ჩაბარებას. აქვე ფუნქციონირებს სააპელაციო სასამართლოს არქივი, სადაც ინახება საქმეები, რომელიც ნაწარმოებია 1999 წლის 15 მაისიდან.
საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის და ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
ფუნქციონირებს პრესსამსახური, რომელიც ამზადებს პრესრელიზებს, კოორდინაციას უწევს სასამართლოში მედიისა და სპიკერი მოსამართლის ურთიერთობას, უზრუნველყოფს ბეჭდური და ელექტრონული მედიიდან ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს.