განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მსჯავრდებული პირი გაამართლა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. რევაზ ხულორდავას 7–წლიანი საპატიმრო მსჯავრი 2011 წლის 16 სექტემბერს სენაკში მომხდარი დანაშაულისთვის დაედო. მეგობრებთან ქეიფის დროს ხულორდავასა და დაზარალებულ დავით მგალობლიშვილს შორის წარმოშობილ უთანხმოებას რამდენიმე საათის შემდეგ ამ უკანასკნელის მკვლელობის მცდელობა მოჰყვა. გამოძიებამ ბრალის წარდგენისას იხელმძღვანელა დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სხდომაზეგამოკვლეულიმტკიცებულებებისანალიზიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოლეგიამ მიიჩნია, რომარარსებობდარევაზ ხულორდავას დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიცდაადასტურებდაპირის ბრალეულობასშერაცხულ დანაშაულში. ამიტომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რევაზ ხულორდავას დადებული მსჯავრი მოუხსნა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი 13 წლით შეუმცირა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დადებული 16-წლიანი საპატიმრო მსჯავრი აბდულ ჭანტურიას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეეცვალა. მსჯავრდებულს სასჯელი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მითვისებისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენებისთვის დაედო. საქმის მასალების მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ჭანტურიამ სოფელ ახალი ხიბულის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები შეისყიდა. 183 077 ლარის ღირებულების სამუშაოები ინდ.მეწარმემ არასრულყოფილად შეასრულა, თუმცა დოკუმენტების გაყალბების გზით ხელშეკრულებით გათვალიწინებული თანხა სრულად მიიღო. ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოსა და მიღება-ჩაბარების აქტში მოცემულ მონაცემებს შორის სხვაობამ 15 973 ლარი შეადგინა.
მეორე ინსტანციის სასამართლოში სს საქმის განხილვის დროს მსჯავრდებულის ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე. რომლის საფუძველზე, სახელმწიფო ბრალდებამ სისხლის სამართლის კოლეგიისაგან სასამართლო განხილვის გარეშე ჭანტურიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დაყენება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებს და დარწმუნდა, რომ მხარეთა შეთანხმების დროს დაცულია კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. სასამართლომ დანაშაულის სიმძიმისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი სახე და ზომა სამართლიანად მიიჩნია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა აბდულ ჭანტურიას ადვოკატსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვით მსჯავრდებულს დადებული მსჯავრი 8 წლამდე შეუმცირდა. აქედან 3 წელს ჭანტურია სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, დარჩენილი 5 წელი კი პირობით ჩაეთვლება.
მსჯავრდებულს სასჯელი 4 წლიდან 6 თვემდე შეუმცირდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი 3 წლითა და 6 თვით შეუმსუბუქდა. ვიტალი ზარქუას მსჯავრი მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის დაედო. საგზაო შემთხვევამ მეორე ავტომანქანაში მჯდომი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით დადებული 4-წლიანი საპატიმრო სასჯელი მსჯავრდებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურასა და მსჯავრდებულ ზარქუას შორის სასჯელზე გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მხარეებმა დასამტკიცებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს. იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს ინანიებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის კოლეგიას წარუდგინა შუამდგომლობა ზარქუას საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების დაცვით განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობა. დაადგინა, რომ მსჯავრდებული სრულად იყო ინფორმირებული საპროცესო შეთანხმების არსისა და პირობების შესახებ, ამასთან ადგილი არ ჰქონია მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ბრალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. სასამართლომ მხარეებს შორის დადებული შეთანხმება კანონიერად ცნო და დაამტკიცა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ზარქუას 4-წლიანი საპატიმრო მსჯავრი 6 თვემდე შეუმცირდა, დარჩენილი 3 წელი და 6 თვე კი პირობით მოსახდელად განესაზღვრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ქურდობასა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებულ 4 პირს სააპატიმრო მსჯავრი გაუნახევრა. მალხაზ ნადარეიშვილს, ხვიჩა სიჭინავას, იმედა და გიგლა ბუკიებს 6-6 წლიანი პატიმრობა ხობის რაიონულმა სასამართლომ სასურსათო მაღაზიის გაქურდვისა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.
მსჯავრდებულებმა განაჩენის შემსუბუქების თხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება გააფორმეს. მათ მიერ დანაშაულის აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მიმართა. სისხლის სამართლის კოლეგიამ შეისწავლა საქმეში არსებული ბრალის დამამტკიცებელი მასალები. დაადგინა, რომ მსჯავრდებულები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებული საპროცესო შეთანხმების არსსა და პირობებზე, ადგილი არ ჰქონია მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას. ამის საფუძველზე, სასამართლომ საპროცესო შეთანხმება კანონიერად და დასაბუთებულად ცნო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12 მარტის განაჩენით, ოთხივე მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. მათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამდენივე პირობით მოსახდელად განესაზღვრათ.
სასამართლო მსჯავრი ჯაშუშობისთვის
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაასრულა ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული 9 პირის საქმის განხილვა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა. სისხლის სამართლის კოლეგიამ საფუძვლიანად შეისწავლა საქმის მასალები და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადებული მსჯავრი სამართლიანად ცნო.
საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების, ცნობების, სხვაგვარი მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა – ამ დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოლეგიამ 7 პირი გაასამართლა და მათი ბრალი დადასტურებულად ცნო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ედუარდ აბდულაევს, არმენ გევორქიანს, რუბენ შიკოიანს, ტარიელ აბაშიძეს, დავით მესხიძესა და გოჩა დიასამიძეს 11-11 წლით, გელა კაკაბაძეს კი 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლისა და საქართველოს წინააღმდეგ საქმიანობისთვის რუსლან გალოგრესა და იური სკრილნიკოვს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით სამი მსჯავრდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, საპატიმროებიდან გათავისუფლდა დიდი ოდენობით გადასახადისაგან თავის არიდებისთვის მსჯავრდებული სამი პირი. პირველი ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში მსჯავრდებულებისთვის სასიკეთო ცვლილებების შეტანის საფუძველი გახდა 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ’’. საკანონმდებლო ცვლილებამ გააუქმა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ ქმედებისათვის, რომელიც ამ პირებს ჰქონდათ ჩადენილი. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მიზნებისთვის დიდ ოდენობად განისაზღვრა 50 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა. ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად განისაზღვრა ის შემთხვევა, როცა გადასახადი აღემატება 100 000 ლარს.
საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევიდა 2012 წლის 1 თებერვალს. მის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4-წლიანი საპატიმრო მსჯავრისგან გაათავისუფლა მალაქი კუხალაშვილი და გია ინაიშვილი, რომელთაგან პირველს 48 725 ლარის, ხოლო მეორეს 40 204 ლარის გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3-წლიანი საპატიმრო მსჯავრი მოეხსნა რევაზ შარაძეს, რომელსაც სასჯელი 30 715 ლარის ოდენობის გადასახადისაგან თავის არიდებისთვის ჰქონდა დადებული.
მსაჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მსჯავრდებულისათვის სასიკეთო ცვლილება შეიტანა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დადებული საპატიმრო სასჯელი შეამცირა. ამ ცვლილების საფუძველი გახდა 2009 წლის 20 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონი.
ა.ა.-ს 9-თვიანი საპატიმრო მსჯავრი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 აპრილის განაჩენით დაედო. მსჯავრდებული მხოლოდ 2011 წლის 1 ნოემბერს, სარფის გამშვებ პუნქტზე საპასპორტო კონტროლის დროს იქნა დაკავებული. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულის საჩივარი, რომელშიც იგი სასჯელის შემსუბუქებას ითხოვდა. ,,ამნისტიის შესახებ’’ კანონის თანახმად, სასამართლომ ა.ა.-ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აპელანტს დაკისრებული ჯარიმა მოუხსნა
30 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა შპს ,,ძამა NGD’’- ს საჩივარი და მას სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელი 500-ლარიანი ჯარიმა მოუხსნა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს-მ ანგარიში სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ სამინისტროში დაგვიანებით წარადგინა. ამით მან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევით. კანონი ამგვარი სამართალდარღვევისთვის 500-ლარიანი ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დადგინდა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სამართალდარღვევის ოქმი ადმინისტრაციული სახდელის ორთვიანი ვადის დარღვევით შეადგინა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება შპს ,,ძამა- NGD’’-სათვის ჯარიმის დაკისრების შესახებ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
სამინისტროსთან სასამართლო დავა შპს-მ მოიგო
28 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შპს ,,კახაბერი-2009’’-ს საჩივარი განიხილა და მას სახელმწიფოს სასარგებლოდ გადასახდელი 500-ლარიანი ჯარიმა მოუხსნა. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს ,,კახაბერი-2009’’-მ სალიცენზიო პირობების შესრულების შესახებ ანგარიში დაგვიანებით წარადგინა. ამით მან ჩაიდინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – წიაღით სარგებლობა სათანადო პირობების დარღვევით. კანონი ამგვარი სამართალდარღვევისთვის 500-ლარიანი ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე დაყრდნობით, მხარეებს შორის დავა შპს-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა. ადმინისტრაციულმა პალატამ დაადგინა, რომ ,,კახაბერი-2009’’-ს არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. კანონის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე დასვენების დღეს, ვადის დამთავრების თარიღად ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. ამდენად სასამართლომ აპელანტის მოთხოვნა სამართლიანად მიიჩნია და მისი საჩივარი ჯარიმის მოხსნის შესახებ დააკმაყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით ფერაძის მიმართ განაჩენი გამოიტანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დავით ფერაძის მიმართ განაჩენი გამოიტანა. ყოფილ სახელმწიფო მოხელეს მსჯავრი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაედო.
საქმის მასალების მიხედვით, დავით ფერაძემ დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინა იმ დროს, როცა იგი ზესტაფონის რაიონის გამგებლის მოადგილედ, მოგვიანებით კი საკრებულოს თავმჯდომარედ მუშაობდა.მან თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება გადაწყვიტა. ამ მიზნით,დავით ფერაძემშპს ,,ზესტაფონის საგზაო სამმართველოს’’ დირექტორსნიკოლოზ ნიკოლაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 30 000 ლარი გამოსძალა. არჩევნების შემდეგ – 2007 წლის მაისსა და დეკემბერში კი 35 000 და 40 000 ლარი.
მხარეთა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის განაჩენი, რომლის მიხედვით დავით ფერაძეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სისხლის სამართლის პალატამ ფერაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით 30.000 ლარის გადახდა მიუსაჯა.
სასამართლომ მსჯავრი ეკლესიების გაქურდვისათვის დასდო
ზესტაფონის საქალაქო სასამართლომ ნიკორწმინდის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გაქურდვაში ბრალდებულ გოჩა წიწილაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა 2011 წლის 1 ივლისს ღამით შეაღწია ნიკორწმინდის ტაძარში, დანით დააზიანა ეკლესიაში დადგმული ლითონის ყუთი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შენაწირ თანხას 60 ლარის ოდენობით.
საქმის მასალების მიხედვით, წიწილაშვილს მსჯავრი ეკლესიების გაქურდვის სხვა ეპიზოდებისთვისაც დაედო. სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებული დანიშნული სასჯელიდან 5 წელს სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, დარჩენილი 2 წელი კი პირობით ჩაეთვალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ განაჩენი გამოიტანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ განაჩენი გამოიტანა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მინდია ჩხობაძეს, ირაკლი ანდღულაძესა და უჩა ბოლქვაძეს ჩამოყალიბებული ჰქონდათ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ისინი მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში და ძალადობის მუქარით ეწეოდნენ გარკვეული პირებისაგან თანხების გამოძალვას.
საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულებმა კაზინოში მათ მიერ წაგებული ფულის გადახდა ავტომანქანების ბიზნესით დაკავებულ პავლე კრეიდენკოს დაავალეს. დანაშაულებრივი ჯგუფისაგან მუქარისა და იძულების შედეგად, ამ უკანასკნელმა ავტობაზრიდან ნისიად წამოიყვანა მანქანები. მათ რეალიზაციას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკეთებდნენ და გაყიდვით აღებულ თანხებსაც ისინი ითვისებდნენ. სულ 80-მდე სხვადასხვა ფირმის ავტომანქანის საფასურის – 830 000 აშშ.დოლარის გადახდა ბაზრის მფლობელებისათვის პავლე კრეიდენკოს მამას მოუხდა.
ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ქურდული გარჩევა მოუწყვეს შპს ,,ნოვატექნოლოჯის’’ რეგიონულ მმართველს გელა გაბაიძეს. მათ იარაღის მუქარით აიძულეს გაბაიძე ვინმე ირაკლისათვის, როგორც ,,კაი ბიჭისთვის’’ გადაეხადა არარსებული ვალი – 150.000 აშშ დოლარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისათვის დადებული მსჯავრი სამართლიანად მიიჩნია. სს კოლეგიამ მინდია ჩხობაძეს 21 წლით, უჩა ბოლქვაძეს 19 წლით, ხოლო ირაკლი ანდღულაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შეცვალა
ქურდული სამყაროს წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის, ხულიგნობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 6-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი გაასამართლა. საქმის მასალების მიხედვით, 2010 წლის მარტში, ხონის რაიონში მომხდარი ჩხუბი ქურდული გარჩევებით გაგრძელდა. მისი მონაწილეები რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სარატოვში მცხოვრებ ,,კანონიერ ქურდს’’ ნოე წულაიას დაუკავშირდნენ. ამ უკანასკნელმა ქურდული სამყაროს უგულებელყოფისთვის თემურ ბერძენიშვილის დასჯის დავალება გასცა.
დანაშაულებრივი წევრებმა მოილაპარაკეს, რომ ბერძენიშვილს ფიზიკურად გასწორებოდნენ. ამით კრიმინალური ავტორიტეტის დავალებასაც შეასრულებდნენ და ქურდული სამყაროსადმი უარყოფითად განწყობილ მოსახლეობასაც დააშინებდნენ. მათ დანაშაულის განხორციელების საშუალება არ მიეცათ, რადგან მხილებული იქნენ სამართალდამცავთა მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პარალელურად, სამტრედიის რაიონულ პროკურატურასა და მსჯავრდებულებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება აღიარებით ბრალსა და შეთანხმებით სასჯელზე. საქმის მასალების გაცნობის შემდეგ სასამართლომ განსასჯელებისათვის დადებული მსჯავრი დადასტურებულად ცნო და საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე სამართლიანად მიიჩნია.
სისხლის სამართლის პალატამ რაიონული სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შეცვალა . პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელები 4-დან 11 წლამდე შემცირდა, დარჩენილი სასჯელი კი მსჯავრდებულებს პირობით ჩაეთვალათ. საბოლოოდ, გიორგი ჩანქსელიანს 3 წლით, მურმან და ზურაბ წივწივაძეებს – 5 წლით, შოთა ჭავჭანიძეს, კობა კაკაურიძესა და დიმიტრი ბუღაშვილს 4-4 წლით პატიმრობა მიესაჯათ.
მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი 7 წლით შეუმცირდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 4 ივლისის განაჩენით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისა და მოხმარებისთვის მსჯავრდებულ ს.ჯ.-ს რაიონული სასამართლოს მიერ დადებული 8-წლიანი საპატიმრო მსჯავრი 1 წლამდე შეუმცირდა.
სააპელაციო პალატამ განიხილა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. სასამართლომ ს.ჯ.-ს მიმართ შერაცხული მსჯავრი დადასტურებულად ცნო მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზისა და ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთმტკიცებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმის მასალების გაანალიზებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი სამართლიანია. აღნიშნული შეთანხმება გამომდინარეობს საჯარო ინტერესებიდან, შეესაბამება მოქმედი საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის მოთხოვნებს .
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გამოიყენა სს კოდექსის 55-ე მუხლი და მსჯავრდებულს კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელი დაუნიშნა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ჯ.-ს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 6 წელი პირობით ჩაეთვალა.
მსჯავრდებულებს საპატიმრო მსჯავრი 7-7 წლით შეუმცირდათ
2011 წლის 29 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულების სასიკეთოდ რაიონული სასამართლოს კიდევ ერთი განაჩენი შეცვალა. ა.ბ.-სა და მ.ბ.-ს 9-წლიანი საპატიმრო მსჯავრი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დაედოთ. აღნიშნული დანაშაული მსჯავრდებულებმა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ბათუმის განყოფილებაში მუშაობისას ჩაიდინეს. შპს ,,ურეხში’’ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის დროს სარევიზიო ჯგუფმა მთელი რიგი დარღვევები აღმოაჩინა. ა.ბ. და მ. ბ შპს-ს დამფუძნებელს ე.წ. ,,სუფთა აქტის’’ შედგენის სამაგიეროდ ქრთამზე გაურიგდნენ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენით დადებული მსჯავრი დადასტურებულად მას შემდეგ მიიჩნია, რაც მსჯავრდებულთა აღიარებით ჩვენებებსა და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს გაეცნო. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება დადებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, დანაშაულის სიმძიმისა და ბრალეულობის ხარისხიდან გამომდინარე, შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის ზომა და სახე სამართლიანად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სს კოდექსის 55-ე მუხლით მინიჭებული უფლება და მსჯავრდებულებს კანონით გათვალისწინებულზე მსუბუქი სასჯელი დაუნიშნა. ა.ბ.-სა და მ.ბ.-ს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, საიდანაც 3 წელი პირობითად ჩაეთვალათ.
ხე-ტყის უკანონოდ მჭრელებს სასჯელი შეუმცირდათ
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ დადებული სასჯელი 4 მსჯავრდებულს შეუმცირდა. კ.გ.-ს , ზ.ჭ.-ს, ნ.შ.-სა და გ.უ.-ს მსჯავრი ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის, ქურდობის, ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება-გასაღებისთვის დაედოთ. საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მესტიის რაიონში უკანონოდ გაჩეხილი და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ხე-ტყის მასალამ 45,47კუბ.მ. შეადგინა. მისი გადამუშავების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი კი 9.541 ლარით შეფასდა. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის კ.გ.-სა და ზ.ჭ.-ს 7-7 წლით, გ.უ.-ს 10 წლით, ნ.შ.-ს 8 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ჰქონდათ მისჯილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულების სასიკეთოდ შეიცვალა. სისხლის სამართლის პალატამ დაამტკიცა დაცვის მხარესა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება. თითოეულ მსჯავრდებულს საპატიმრო სასჯელი 6-6 წლით შეუმცირდა. სასამართლომ მათ დამატებითი მსჯავრის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა დააკისრათ.
მსჯავრდებული სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა
2011 წლის 15 ივნისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიხედვით მსჯავრდებულ ი.ჯ.-ს 10-წლიანი საპატიმრო მსჯავრი შეეცვალა. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთისა ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის სს ,,აჭარპურის ’’ მთავარ ტექნოლოგს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა მისჯილი. საქმის მასალების მიხედვით, ი.ჯ.-მ 1997-1998 წლებში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა სააქციო საზოგადოების კუთვნილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები და ფულადი სახსრები, რამაც ,,აჭარპურისათვის’’ სულ 48 939 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სააპელაციო სასამართლომ ი.ჯ.-ს მიმართ შერაცხული მსჯავრი დადასტურებულად ცნო მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებითა და საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. სისხლის სამართლის პალატამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულ ი.ჯ.-ს ადვოკატსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმებულია საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, დანაშაულის სიმძიმისა და ბრალეულობის ხარისხიდან გამომდინარე შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სასამართლომ სამართლიანად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, ი.ჯ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 წელი და 7 თვე პირობით ჩაეთვალა. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი გაუნახევრა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 1 ივნისის განაჩენით, მსჯავრდებულს სასჯელი 5 წლით შეუმცირდა. არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის 10-წლიანი პატიმრობა ი.მ.-ს ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით ჰქონდა მისჯილი. საქმის მასალების გაცნობის შედეგად სისხლის სამართლის პალატამ დაადგინა, რომ ი.მ.-ს მიერ ჩადენილი ქურდობის ორი ეპიზოდი რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დაკვალიფიცირებული ორჯერ, ერთი და იმავე მუხლის შესაბამისი ნაწილებით. სასჯელის განსაზღვრისას პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სს კოდექსში 2007 წლის 4 ივლისის კანონის თანახმად შესული ცვლილებით, რომლის მიხედვით არაერთგზის ჩადენილი დანაშაული ნიშნავს პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში განმარტებულია რაიონული სასამართლოს განაჩენში შეტანილი ცვლილება: ,,2007 წლის 4 ივლისის კანონის დათქმის თანახმად, კანონის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე. გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდეგ. ი. მ.-მ დანაშაულის ორივე ეპიზოდი ჩაიდინა 2006 წლის ივლისში. ამრიგად, მას დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი აქვს 2007 წლის 2 აგვისტომდე, ე.ი. კანონის ამოქმედებამდე.’’
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ი.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის ორი ეპიზოდი ერთი მუხლით დააკვალიფიცირა და მსჯავრდებულს სასჯელი 5 წლით შეუმცირა.