ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ.
ზაზა მეიშვილის ინფორმაციით, თავდაპირველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მხოლოდ თბილისში ამოქმედდება და 109-ე მუხლით – დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობით დაკვალიფიცირებული დანაშაულის საქმეებს განიხილავს.
ნაფიცი მსაჯულები საარჩევნო სიიდან შერჩეული 18 წლიდან 70 წლამდე მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც თბილისში არიან ჩაწერილი, არ არიან იურისტები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, სასულიერო პირები, მსჯავრდებულები, ფსიქიკური ან ჯანმრთელობის გარკვეული სახის პრობლემების მქონე პირები.
მას შემდეგ, რაც განზრახ მკვლელობის საქმე სასამართლოში განსახილველად შევა და ბრალდებული თანახმა იქნება, მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს, საარჩევნო სიიდან 100 მოქალაქეს შემთხვევითი პრინციპით შეარჩევენ. დაცვის და ბრალდების მხარე 12 ნაფიც მსაჯულს შეარჩევს, 2 მსაჯული კი სათადარიგო იქნება.
თუ დასაბუთებული არგუმენტაციის გარეშე ნაფიც მსაჯულად შერჩეული მოქალაქე მოვალეობის შესრულებაზე უარს იტყვის, 1000-დან 1500-ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.
მოქალაქეს, რომელიც ერთხელ უკვე იყო ნაფიცი მსაჯული, ერთი წლით შეუძლია უარი განაცხადოს ნაფიც მსაჯულობაზე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე მოსამართლეს პროცესის წამყვანის – არბიტრის ფუნქცია დაეკისრება. ნაფიცი მსაჯულები ბრალდებულს მოსამართლის ჩაურევლად გამოუტანენ ვერდიქტს – გადაწყვეტენ, ბრალდებული დამნაშავეა თუ არა. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით.
თუ ორივე მხარე – დაცვაც და ბრალდებაც თანახმა იქნება, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას მიიღებენ სასჯელის დანიშვნაშიც. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგია, სასჯელის ზომა ნაფიცებმა განსაზღვრონ, სასჯელზე გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს. ასევე, თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგია, რომ კონკრეტული განზრახ მკვლელობის საქმე ნაფიცებმა განიხილონ, საქმეს მოსამართლე იხილავს.
ნაფიცებს ტრანსპორტირების და სხვა საჭირო ხარჯებს სახელმწიფო აუნაზღაურებს. სახელმწიფო აუნაზღაურებს, ასევე, სამსახურში გაცდენილ დღეებს. დამქირავებელი, სადაც ნაფიცი მსაჯულია დასაქმებული, ვალდებულია, მას ხელი შეუწყოს დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში.
2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იმოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაკვალიფიცირებულ დანაშაულს – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარებოებებში.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით დაკვალიფიცირებულ დანაშაულებს: მუხლი 111-ე – განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში და 137-ე – გაუპატიურება.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში.